ევროინტეგრაციის პოლიტიკური ფსიქოლოგია: პოლიტიკური კულტურის პერსპექტივა

Abstract
მოხსენების მიზანია, გააანალიზოს და მკითხველს შესთავაზოს რამდენიმე თეორეტიკული მოსაზრება პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და ევროინტეგრაციის ურთიერთკვეთისა და ღირებულებების ინტერდისციპლინარული ხედვის შესახებ. ყველაზე მარტივადაც რომ განვმარტოთ კულტურა - როგორც საერთო გაგების და მოლოდინების სპექტრი, რომლებიც სათავეს იღებს პიროვნების ფსიქოლოგიიდან, საზოგადოებრივი ინსტიტუციების გავლენიდან და საჯაროდ დამკვიდრებული ქცევის პატერნებიდან - მისი რელევანტურობა პოლიტიკური ფსიქოლოგიის საკითხების გადაჭრისთვის რაციონალურად თვალსაჩინოა. თუმცა, პარადოქსია, რომ სულ მცირე ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ეს მნიშვნელობა პრაქტიკულად იგნორირებული გამოდის. ამ დრომდე პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და ევროინტეგრაციის სისტემურმა დაკავშირებამ სათანადო მეცნიერული ინტერესი ვერ გამოიწვია. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი ცნობილი ჟურნალი – Political Psychology და The Journal of Common Market Studies - სადაც, ორივე ამ მოწინავე გამოცემაში ერთად, სულ თითზე ჩამოსათვლელი სტატია თუ მოიძებნება პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და ევროპული ინტეგრაციის თემაზე (Journal of Common Market Studies 60–იანი წლებიდან; ხოლო Political Psychology 70–იანი წლებიდან გამოიცემა). მოხსენება მცდელობაა, პასუხი გაეცეს სამ მნიშვნელოვან კითხვას: როგორ აფორმირებს პოლიტიკური კულტურა პოლიტიკის პრაქტიკას? რომელი ატიტუდები და ღირებულებები უჭერს მხარს სტაბილური დემოკრატიის განვითარებას და შენარჩუნებას? როგორ უკავშირდება ეს ატიტუდები და ღირებულებები ევროინტეგრაციას კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში? მოხსენება ეფუძნება ინგლეჰარტ-ველცელის მსოფლიო კულტურის რუკის ანალიზს. რუკა სხვადასხვა ქვეყნებს ორი განზომილების მიხედვით ალაგებს: ჰორიზონტალურ ღერძზე ხდება განლაგება გადარჩენის და თვითგამოხატვის ღირებულებების პოლუსებს შორის, ხოლო ვერტიკალურ ღერძზე - ტრადიციულსა და სეკულარულ-რაციონალურ ღირებულებებს შორის. მსოფლიოს კულტურული რუკის მიხედვით, რაც უფრო ზედა სიბრტყეზეა დატანილი ქვეყანა, მით უფრო განვითარებულია ინდუსტრიულად, ასევე რაც უფრო მარჯვნივაა, მით უფრო გავრცელებულია პოსტმოდერნული ღირებულებები, მათ შორის - ინდივიდუალური თვითგამოხატვა. მაღალგანვითარებული ქვეყნები ამ სიბრტყეზე მოძრაობენ დიაგონალურად. (www.worldvaluessurvey.org) მოხსენებაში მსოფლიო კულტურის რუკაზე საქართველოს ტრაექტორია გაანალიზებულია ბოლო პერიოდში ჩატარებული უახლესი კვლევების – IRI, NDI, CRRC - საფუძველზე. ეს კვლევები საზოგადოებრივი აზრის არა მხოლოდ ფუნდამენტური კვლევებია, არამედ, პოლიტიკურ ველზე მათი გავლენაც საკმაოდ მაღალია – ამ კვლევების მიგნებები ხშირად თავად იქცევა ხოლმე პოლიტიკურ დღის წესრიგად. ამასთან, ეს კვლევები შესაძლებლობას ქმნის, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტში განვიხილოთ ამ მოხსენებისთვის რელევანტური ტენდენციები, არამედ, ტენდენციების ცვლილებებს თუ მუდმივობას (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ მოხსენების მიზნებისთვის) დროთა განმავლობაში დავაკვირდეთ. მოხსენების მთავარი ღირებულება მისი მცდელობაა, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მზაობაზე მსჯელობა გასცდეს მხოლოდ რეალპოლიტიკის ველს და გადმოვიდეს პოლიტიკური ფსიქოლოგიის მეცნიერულ ველშიც – ღირებულებების და ატიტუდების დონეზე.
Description
Keywords
პოლიტიკური ფსიქოლოგია, ევროინტეგრაცია, კულტურის მსოფლიო რუკა, ღირებულებები, WVS
Citation