Abstract:
სტატიაში განხილულია დოქტრინაში დღემდე სადავო საკითხი: რა მიმართებაშია
ერთმანეთთან ქმედების (დანაშაულის) შემადგენლობა და მართლწინააღმდეგობა?
რა მიმართებაშია განზრახვა და ბრალი - განზრახვა ბრალის ფორმაა, თუ მისი
ნიშანი? სტატიაში დასაბუთებულია, რომ ქმედების შემადგენლობის
განხორციელება მხოლოდ ინდიციაა მართლწინააღმდეგობაზე, მაგრამ იგი
თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ ჩადენილი ქმედება აუცლებლად
მართლსაწინააღმდეგოა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ დანაშაულის სამი ნიშანი ზედმეტი
აღმოჩნდება და მისგან დარჩება მხოლოდ ორი ნიშანი: მართლწინააღმდეგობა
(რომელიც მოიცავს ქმედების შემადგენლობასაც) და ბრალი. შესაბამისად, ცალკე
აღებული ქმედების შემადგენლობა არც მართლსაწინააღმდეგოა და არც
მართლზომიერი - ქმედების შემადგენლობა ფაქტზე მსჯელობაა, იგი არაა
შეფასებითი მსჯელობა. შესაბამისად, შეიძლება იგი ჩადენილი იყოს
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში. მხოლოდ ამ საკითხის
გარკვევის შემდეგ შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, ჩადენილი ქმედება
მართლსაწინააღმდეგოა, თუ მართლზომიერი. რაც შეეხება განზრახვას, სტატიაში დასაბუთებულია, რომ იგი ბრალის ფორმაა და არა მისი ნიშანი. ბრალი არის არა პირის გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო (ასეთ ქმედებას სულით ავადმყოფის სჩადის), არამედ იგი პირის უპასუხისმგებლობაა ნორმატიულად დადგენილი ვალდებულებისადმი, რაც განზრახვისა ან გაუფრთხილებლობის ფორმით
ვლინდება. თუ განზრახვა არაა ბრალის ფორმა და იგი „მოსამართლის თავშია“
(როგორც ამას მიიჩნევენ ფინალისტური მოძღვრების მომხრეები), მაშინ გამოვა, რომ
დანაშაულს ორი ავტორი ჰყოლია: ქმედების ამსრულებელი (რომელიც სჩადის სს-ივ
უმართლობას) და მოსამართლე (რომელიც ყოფილა ბრალის ავტორი).