საქართველოში მაცხოვრობელთა მარტოობის დონის კავშირი დროითი პერსპექტივების აღქმასა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებთან პანდემიის პირობებში

Abstract
2019 წლის დასასრულს კორონავირუსის პანდემიამ ახალი გარემო და რეალობა წარმოშვა მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისთვის. განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, პანდემიამ მასშტაბურად იმოქმედა ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობაზე, იგი მოიხსენიეს კიდეც, როგორც უნივერსალური სტრესორი. სოციალური ურთიერთობების ქსელის დეფიციტმა, სოციალური კავშირების რაოდენობრივმა კლებამ გაამძაფრა მარტოობის განცდა ადამიანებში. გარემო პირობების ცვლილებამ ინდივიდებზე სხვადასხვაგვარად იმოქმედა, შეისწავლეს პიროვნული მახასიათებლებისა და დროითი პერსპექტივების ზეგავლენა პანდემიის დროს მარტოობის აღქმაში, თუმცა არსებული ცვლადების ურთიერთდამოკიდებულება ბოლომდე არ არის გამოკვლეული. კვლევის მიზანი: - შეისწავლოს პანდემიის პირობებში საქართველოში მაცხოვრობელთა მარტოობის დონის კავშირი დროითი პერსპექტივების აღქმასა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებთან; - დაადგინოს, რა მიმართებაშია პანდემია, როგორც გარემოში არსებული სტრესორი, დროითი პერსპექტივების აღქმასთან, პანდემიის დროს მარტოობასთან, როგორც შედეგთან და ამ პროცესში, რა როლს თამაშობენ პიროვნული მახასიათებლები. კვლევის მეთოდი: ქართულ ენაზე ადაპტირებული ინსტრუმენტების (დროითი პერსპექტივის, მარტოობისა და დიდი ხუთეულის საკვლევი შკალები) გამოყენებით, ხელმისაწვდომი შერჩევის გზით, კვლევა ჩატარდა 208 ადამიანზე. შედეგები: ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნეიროტიციზმის პიროვნული მახასიათებელი და ამავდროულად, ახასიათებთ აწმყოს ფატალისტური დროითი პერსპექტივა არიან მეტად მოწყვლადები პანდემიის პირობებში მარტოობისადმი. რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ წარსული-ნეგატიური დროითი განზომილება მნიშვნელოვნად განაპირობებს მარტოობის განცდას პანდემიის პირობებში. გამოვლინდა, რომ აწმყო ფატალისტური დროითი პერსპექტივა დადებითად, ხოლო მომავლის დადებითი დროითი პერსპექტივა - უარყოფითად არის დაკავშირებული მარტოობის განცდასთან.
Description
Keywords
დროითი პერსპექტივები, მარტოობა, დიდი ხუთეულის პიროვნული მახასიათებლები
Citation