ინკლუზიური განათლება რეგიონული უნივერსიტეტების პერსპექტივიდან

Abstract
ინკლუზიური განათლება რეგიონული უნივერსიტეტების პერსპექტივიდან მოცმული კვლევა წარმოადგენს კვლევითი პროექტის ნაწილს, რომელიც განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტის - ,,მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“, (გრანტი №FR-21-3869) - ფარგლებში. მოცემულ კვლევაში წარმოდგენილია სამ რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ინკლუზიური განათლების მიმართ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის დამოკიდებულებების ანალიზი. კვლევა ჩატარდა თვისებრივი მეთოდის გამოყენებით, წინასწარ შედგენილი გზამკვლევით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ინსტრუმენტს ინკლუზიის ინდექსს (The Index for Inclusion; Booth, T., Ainscow, M. (2011)). გზამკლევი მოიცავს ცხრა ღია შეკითხვას და ეხება სამ ძირითად სფეროს. კვლევა ეყრდნობა უნივერსიტეტებში ჩატარებული სამი ფოკუს ჯგუფისა და თვრამეტი სიღრმისეული ინტერვიუს მონაცემების ანალიზს. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა. კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ უნივერსიტეტების წარმომადგენლები აცნობიერებენ ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას და ცდილობენ ინკლუზიური პრაქტიკის დანერგვას თავიანთ ინსტიტუციებში. თითოეული უნივერსიტეტი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ხელს უწყობს სტუდენტებსა და თანამშრომლებს ზოგადად და საგანგებოდ ითვალისწინებს შშმ და სსსმ სტუდენტების საჭიროებებსა, თუ ინტერესებს. შშმ და სსსმ სტუდენტების მხარდაჭერა გამოიხატება ძირითადად ფიზიკური გარემოს ადაპტირებაში, რაც ბოლო წლებში უმაღლესი სასწავლებლებისათვის აკრედიტაციის სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა და, შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტში მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია ფიზიკური გარემო გადაადგილების პრობლემების მქონე შშმპ-ებისათვის. მხარდამჭერ ღონისძიებად შეიძლება მივიჩნიოთ სასწავლო პროცესის დაგეგმვა სსსმ და შშმ სტუდენტებისათვის მოსახერხებელ სივრცეში, მათი შესაძლებლობების გათვალისწინება აუდიტორიებში განთავსებისას, სპეციალური პირობების შექმნა გამოცდების ჩატარებისას, დამატებითი დროის გამოყოფა ლექტორების მხრიდან, შეღავათები სწავლის დაფინანსებაში. ფაქტობრივად, ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ სთავაზობს სათანადო მხარდაჭერას სენსორული დარღვევების მქონე სტუდენტებს, შესაბამისად, მხედველობისა და სმენის შეზღუდვების მქონე სტუდენტები თითქმის არ გვხვდებიან უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტებს არა აქვთ არც ადაპტირებული სასწავლო რესურსი და არ ჰყავთ სათანადოდ მომზადებული პერსონალი. განათლების მიმართულების პერსონალი ყველაზე უკეთ ერკვევა ინკლუზიური განათლების პრინციპებში. მხარდამჭერი გარემოს შექმნაზე უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის სხდომებზე იშვიათად მსჯელობენ, პრობლემებზე რეაგირება კი ძირითადად რეაქტიულია. ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად საჭირო რესურსების მობილიზაციისთვის უნივერსიტეტებმა ბოლო წლებში შედარებით აქტიურად დაიწყეს მუშაობა.
Description
Keywords
ინკლუზიური კულტურა, ინკლუზიური პოლიტიკა, ინკლუზიური პრაქტიკის დანერგვა, Inclusive culture, Inclusive policy, Inclusive practice
Citation