სსსმ სტუდენტების საჭიროების ანალიზი ინკლუზიური განათლების პოლიტიკის, ინსტიტუციური მართვისა და სწავლა-სწავლების დონეზე

Abstract
კვლევა (რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა) მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების საფეხურზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) სტუდენტების წინაშე მდგარი გამოწვევების კომპლექსურ შეფასებასა და იმ ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებიც მათ სწავლას, დასაქმებას და, შესაბამისად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარ მონაწილეობას აბრკოლებს. ინკლუზიური გარემო და სსსმ/შშმ სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს 10 უნივერსიტეტში შეფასდა; გააანალიზდა ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის, აკადემიური და ექსტრაკურიკულარული პროგრამების, IC ტექნოლოგიების, ციფრული სივრცეების, ბიბლიოთეკების, კარიერული თუ სხვა მნიშვნელოვანი სერვისების აკომოდაცია და ხელმისაწვდომობა სსსმ/შშმ სტუდენტებისთვის, ასევე, ინკლუზიური განათლებისადმი დამოკიდებულებები და მასთან ასოცირებული ბარიერები. კვლევის შედეგები ასეთია: ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში: საქართველოში მოქმედი კანონები არადისკრიმინაციულია, თუმცა ისინი ინკლუზიური განათლების უფლებას განათლების უმაღლეს საფეხურზე სრულად ვერ უზრუნველყოფს; ინკლუზიური განათლების საუნივერსიტეტო პოლიტიკა: უნივერსიტეტებში უმეტესად არ არსებობს ინსტიტუციური მარეგულირებელი ჩარჩოები, მკაფიო პრიორიტეტები და ინკლუზიური ორგანიზაციული კულტურა იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს სსსმ/შშმ სტუდენტების ჩართვა უმაღლეს განათლებაში და სწავლა-სწავლების პროცესის გონივრული მისადაგება. ინსტიტუციური მართვა, ინფრასტრუქტურა: უსდ-ებში ინკლუზიური პროცესების მართვა და ბარიერების აღმოფხვრა, ძირითადად, ნაკლებად პროაქტიულია და მხოლოდ პრობლემის გამოვლენის შემდეგ მასზე რეაგირებით შემოიფარგლება. ინფრასტრუქტურის ადაპტირების დროს ყურადღება უმეტესად გამახვილებულია ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტების საჭიროებებზე. სწავლა და სწავლება: სსსმ სტუდენტების სწავლების პროცესში არსებული გამოწვევებისა და ბარიერების (უსდ-ს პერსონალის კომპეტენცია, სასწავლო რესურსები, დამხმარე საშუალები) ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი უსდ-ებში ინკლუზიური სწავლების მიმართ სისტემური მიდგომის არარსებობაა. დამოკიდებულებები: მიუხედავად იმისა, რომ საკვლევი სეგმენტის მიმართ სტიგმატიზაციის პრობლემა საუნივერსიტეტო საზოგადოებაში არ გამოვლენილა, ამ პროცესის ირიბ ხელშეწყობად შეიძლება ჩაითვალის პოზიტიური დისკრიმინაციის მიდგომები.
Description
Keywords
უსდ-ების ინკლუზიური პოლიტიკა, ინფრასტრუტურული ბარიერები, სწავლა-სწავლების ბარიერები, სტიგმა/თვითსტიგმა., Inclusive policy of higher education institutions, infrastructural barriers, learning-teaching barriers, stigma/self-stigma
Citation